პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ასოცირების შეთანხმებიდან 8 წელი გავიდა


28.06.2022

“დღეს აღვნიშნავთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მე-8 წლისთავს, რომლითაც საქართველო წარმატებით უახლოვდება ევროკავშირს ინსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე.

შეთანხმების ხელმოწერიდან მე-8 წლისთავზე, მის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისათვის.

თუმცა მთავარი შედეგი, რაც ამ პროგრესმა განაპირობა, არის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რითაც სრულიად ახალ - გაწევრიანების ეტაპზე გადავედით.

დღეს ევროკავშირი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია (24%) და ეროვნული პროდუქციის ექსპორტის 15%-იანი ზრდა ფიქსირდება, რასაც ბიძგი მისცა შეთანხმების თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) კომპონენტმა; განხორციელებული გვაქვს შეთანხმებით გათვალისწინებული ევრო-რეგულაციების და ევრო-დირექტივების დაახლოებით 45%; ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით; წარმატებით ვმონაწილეობთ ევროკავშირის არაერთ ჩარჩო პროგრამაში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპულ სააგენტოებთან. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისად იზრდება ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამაც ბოლო 8 წელია, ჯამში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა აგრძელებს შეთანხმებითა და ასოცირების ახალი დღის წესრიგით გათვალისწინებული, საკმაოდ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თითქმის ყველა წინაპირობას მოიცავს და პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.”- ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.