პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბუდაპეშტში სოფო მაღალაშვილის გამოფენა გაიხსნა


23.09.2022

2022 წლის 21 სექტემბერს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ გალერეაში „Nagyhazi Contemporary Gallery and Auction House“ გაიმართა უნგრეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის სოფო მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენის "New World /Selected Works” ოფიციალური გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის კულტურის, ხელოვნებისა და აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა უნგრეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის გამოფენის სიმბოლურ მნიშვნელობას საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის კონტექსტში.

სიტყვით ასევე გამოვიდნენ გალერეის დამფუძნებელი ლორინც ნაძჰაზი და გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე უილიამ გუბა, რომლებმაც ისაუბრეს სოფო მაღალაშვილის შემოქმედებაზე. ქართველი ხელოვანის „სიკეთით, სიმშვიდითა და სინათლით სავსე სამყარომ“ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კერძები და ღვინო.

გამოფენა ტარდება საქართველოს საელჩოს, გალერეა Nagyhazi Contemporary Gallery and Auction House-ისა და უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის ერთობლივი ორგანიზებით და ეძღვნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.

სოფო მაღალაშვილის გამოფენას გალერეა 14 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მონაწილეს!