პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიის სამეფოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა


20.06.2022

მიმდინარე წლის 14 ივნისს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა დანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. 

დამსწრე საზოგადოების სახით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ დანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, დანიური აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.

მიღება სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, რომელმაც ისაუბრა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ შესაძლებლობებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის მზარდ ტენდენციას და კოპენჰაგენის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, ამა წლის შემოდგომაზე საქართველოში გახსნას საელჩო. 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იესპერ მიოლერ სორენსენმა, რომელმაც ასევე, ხაზი გაუსვა თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.

ღონისძიების საპატიო სტუმარმა, ფოლკეტინგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბერტელ ჰორდერმა ყურადღება გაამახვილა გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

მიღების ოფიციალური ნაწილი დამსწრე საზოგადოებასთან მიმართვით დაასრულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ღონისძიებას განსაკუთრებული კულტურული დატვირთვა შესძინა ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-პიანისტის, ლუკა დგებუაძის შესრულებამ, რომელმაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ღონისძიება დასრულდა მიღებით, რომელზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაეგემოვნებინა ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და ქართული ღვინო.

PHOTOS BY HASSE FERROLD