პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება" 2019


10.05.2019

10 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ENIGMMA" ფარგლებში, გაიმართა "დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების" 2019 წლის ცერემონია.

„ეს ძალიან ემოციური და ამაღელვებელი საღამო იყო. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისტორია იმ ქართველებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უკვე მეორე წელია ვახორციელებთ მსგავს ღონისძიებას და  ვფიქრობ, რომ ეს კარგი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით. პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობების კომიტეტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა ბევრ ახალ ინიციატივას გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად წაადგება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საზღვარგარეთ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ.

„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ ცერემონიაზე, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გრიგოლია, ლ’აკვილას უნივერსიტეტის ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ზურაბ ბერეჟიანი. კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ თურქეთში მოღვაწე იბერია ოზქანს (მელაშვილს), საფრანგეთში მოღვაწე ქორეოგრაფ ზურაბ ცუცქირიძესა და ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამაარსებელ თინათინ სვანიძე-ვენკოს. სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო დალი უბილავა-დე გრააფს გადაეცა. საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი და თინათინ ჩითინაშვილი. ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის კი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე სპორტსმენი ლევან გოგინაშვილი დაჯილდოვდა.

ღონისძიებაზე ქართული დიასპორის გარდა, აღინიშნა საქართველოს უცხოელი მეგობრების ღვაწლიც. ჯილოდები გადაეცათ ქართველოლოგებს ჰაინალკა ბაბირაქისა და ლუიჯი მაგაროტოს, რომლებიც ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და მთარგმნელობით საქმიანობას ეწევიან.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.