პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიური ღონისძიება „რუსთაველის დღე“ გაიმართა


05.05.2021

ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და Royal Asiatic Society-ის ორგანიზებით, ყოველწლიური ღონისძიება „რუსთაველის დღე“ გაიმართა, რომელიც წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების დირექტორმა, დავით გიგაურმა და Royal Asiatic Society-ის ხელმძღვანელმა, დოქტორ ელისონ ოტამ.

"რუსთაველის დღის" ფარგლებში, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი კალანდიამ საზოგადოებას წარუდგინა მისი ახლად გამოქვეყნებული წიგნი "ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ" და ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიაზე. ორწლიანი პროექტი ევროპის უდიდეს არქივებში საქართველოს შესახებ ნაკლებად ცნობილი ან დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი დოკუმენტების გამოქვეყნებასა და მათ სამეცნიერო სივრცეში შემოტანას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ წიგნში შესული წყაროების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად ისევე, როგორც მასში ასახული 200-მდე უნიკალური ილუსტრაციის გაცნობის შესაძლებლობა პირველად მიეცა ფართო საზოგადოებას.

კრებული შეადგინა გიორგი კალანდიამ, ხოლო წიგნის სამეცნიერო კონსულტანტები გახლდათ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკის თანამშრომლები.