პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეუთო-ს გასულმა, მოქმედმა და მომავალი ორი წლის თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება


07.12.2021

ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM “QUADRIGA” STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE.

დოკუმენტში ე.წ. “ოთხეულმა” გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო. 

“ოთხეული”, ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად, უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე,  ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება. 

დოკუმენტში “ოთხეული”, ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.

აღსანიშნავია, რომ “ოთხეულის” განცხადება არის  ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.