პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირის საზღვრებს გარეთ პირველი ევროპული სკოლა საქართველოში გაიხსნება


16.09.2019

დღეს, 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში პირველი ევროპული სკოლის მშენებლობას. აღნიშნული ევროპული სკოლა იქნება პირველი, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ გაიხსნება.

საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის შედეგად, ევროპული სკოლა აშენდება თბილისის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ის მოსწავლეებს რეგიონის 6 ქვეყნიდან - საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მიიღებს. სკოლა მოსწავლეებს შესთავაზებს განსაკუთრებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც დააკმაყოფილებს ქართული, ევროპული და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების მაღალ მოთხოვნებს და გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობას. ევროპული სკოლის  საგანმანათლებლო მოდელი დამყარებული იქნება კულტურული მრავალფეროვნების, მშვიდობის და ტოლერანტობის ევროპულ და საერთაშორისო ღირებულებებზე.

სკოლის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას უძღვებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი, რომელთაც მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

„ეს სკოლა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება. ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა და საბოლოოდ გახადოს ევროკავშირის ორგანული ნაწილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თავის მხრივ, ევროკიმისარმა იოჰანეს ჰანმა კი აღნიშნა: „ჩემთვის, როგორც ევროკავშირის კომისრისთვის, პრიორიტეტი იყო ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნების ახალგაზრდობის დახმარება მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნით, მათი უნარების განვითარებით და დასაქმების მხარდაჭერით. ამ კუთხით ჩვენ გავაორმაგეთ ახალგაზრდობის და განათლების დაფინანსება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მივაღწიეთ საგულისხმო შედეგებს. საქართველოში ევროპული სკოლის დაარსება არის შესანიშნავი მაგალითი ჩვენი ვალდებულებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეებისთვის რეალური სარგებლის მოტანას“.

საქართველოში ევროპული სკოლა მოსწავლეთა პირველ ნაკადს სავარაუდოდ 2023 წელს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის ინიციატივა ემყარება 2018 წლის სექტემბერში დაწყებულ საპილოტე სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც 16 და 17 წლის მოსწავლეებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სთავაზობს სპეციალურად შემუშავებულ აკადემიურ პროგრამას სწორედ ევროპული სკოლის სისტემის საფუძველზე.