პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კატარში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნა


27.01.2023

2023 წლის 22 იანვარს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და კატარის კულტურის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით, ქ. დოჰაში Katara-ს საგამოფენო დარბაზში კატარში მცხოვრები ქართველი მხატვრის მიხეილ ერისთავის გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე, რომელიც საქართველოსა და კატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იმართება, წარმოდგენილია ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი 20-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. 

ღონისძიება კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის კულტურის ფონდის - Katara-ს გენერალურმა დირექტორმა ხალედ ბინ იბრაჰიმ ალ სულაიტიმ ერთობლივად გახსნეს. გამოფენის გახსნას დაესწრნენ კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. 

სტუმრებს ერთი კვირის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ გამოფენას და დაათვალიერონ ქართველი მხატვრის ნამუშევრები. გამოფენა 28 იანვრამდე გასტანს.