პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კუნძულ ტექსელზე 1945 წელს ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება


25.04.2023

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქართული კულტურის ცენტრისა და ტექსელის მოვლენების მკვლევარის, ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის თანაორგანიზებით, 4 მაისს, კუნძულ ტექსელზე, გაიმართება 1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნის ცერემონია.

მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები 10-მდე ქვეყნიდან, ტექსელის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები საქართველოდან.

მემორიალური დაფა დაიდგა საქართველოს საპატრიარქოსა და ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოსის ლოცვა -კურთხევით. გახსნის ცერემონიის შემდეგ მეუფე აღასრულებს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ასევე, განსვენებულ ქართველ ებრაელთა სულთათვის ლოცვას აღავლენს ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი იაკობ გაგულაშვილი.

მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია ბელგიის სამეფოში მოღვაწე მოქანდაკე და რესტავრატორი დავით (დევი) ხმალაძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმა“ ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თინათინ სვანიძე-ვენკო.

პროექტის ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოში ქართული კუტურის ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს, ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და კუნძულ ტექსელის ადგილობრივი თვითმართველობის პარტნიორობით.