პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონში დიასპორის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილს შეხვდნენ


23.09.2019

ა.წ. 23 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილსა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგნელებმა ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე. მათ ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საელჩოში შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და ეძლევათ შესაძლებლობა შეხვდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, ისაუბრონ საკუთარ მიღწევებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები, მათ შორის, ახალი პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

აღნიშნულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა კი ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა უწყების იმ ინიციატივებზე, რომლის მიზანია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერება და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა დიასპორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა საქართველოს პოპულარიზაციის საქმიანობაში და ამ კუთხით საელჩოსთან მათი მჭიდრო თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა გახლდათ პირველი ღონისძიება, რომელიც საქართველოს საელჩოს ახალ, საკუთარ შენობაში გაიმართა. ამ ეტაპზე, ლონდონი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც საქართველოს საკუთრებაში აქვს საელჩოსა და ეკლესიის შენობები.