პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


09.01.2023

30 დეკემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა იტალიაში მოღვაწე ოპერის მომღერალს, ნინო მაჩიაძეს;

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ზურაბ გუგუჩია;

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკაში მოღვაწე კინორეჟისორს, პროდიუსერს და მწერალს, თემურ ბაბლუანს;

ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ესპანეთის სამეფოში მოღვაწე ბიზნესმენი, სულხან იდოიძე და პორტუგალიაში ბიზნესის სფეროში დასაქმებული, სალომე გორგილაძე;

წლის წარმატებული სპორტსმენი გახდა ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი;

სპეციალური პრიზი კი გადაეცა პოლონეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, რეჟისორს, კონსტანტინე ციციშვილს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, რომელშიც ირლანდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა - კინგლსი თომას აიკინსიმ და ტაკეჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს. უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი „ჯორჯიან ფოლკსი“, ქართული ხალხური სიმღერის  ანსამბლები - „საქართველო“ (ნიდერლანდების სამეფო),  „თამარიონნი“ (პარიზი), „კავკასია“ (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი“ (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით“ (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები“.

გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.