პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გაიმართა და „ქართული სახლი“ გაიხსნა 


24.08.2019

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკის ისტორიულ ცენტრში ქართული კულტურის რიგით მეხუთე ფესტივალი „თბილისობა 2019“ გაიმართა. „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ასევე საზეიმოდ გაიხსნა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული დანიშნულების მქონე „ქართული სახლი“.

წელს ფესტივალი „თბილისობა 2019“-ის სლოგანი გახლდათ „დღესასწაული ქართულ−ბელარუსული ხასიათით“ და იგი ორი ხალხის მეგობრობას მიეძღვნა. ღონისძიება მინსკში არსებული ქართული დიასპორული ორაგნიზაცია „მამულის“, საქართველოს საელჩოს, თბილისის მერიის, მინსკის აღმასრულებელი კომიტეტისა და კომპანია „ბორჯომი”-ს ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, ქალაქის ისტორიული ცენტრში, ადგილობრივი და ქართული ტურისტული კომპანიების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაწილეობით, მოეწყო სხვადასხვა კულტურული და ტურისტული სახის გამოფენები საქართველოს შესახებ. ფესტივალის მრავალრიცხოვან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ესწავლათ ქართული ანბანისა და ცეკვის ელემენტები. გარდა ამისა, გაიმართა ბელარუსში მოღვაწე და საქართველოდან მიწვეული მომღერლების ერთობლივი კონცერტი.  

ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს დადებითი იმიჯის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს - ბელარუსის სახალხო ბანკის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე წერეთელს, ექიმ ნიკოლოზ გორგოძესა და მომღერალ ტარიელ მაისურაძეს.

ამასთან, „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქ. მინსკში, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ საზეიმოდ გახსნეს „ქართული სახლი“. პროექტი ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. „ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას.

„ქართული სახლი“ აერთიანებს ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, ქართულ რესტორანს, თონესა და მარანს.