პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა"


23.12.2021

22 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ელჩების კონფერენციაში  – "საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე" მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მიმართა. 

ღონისძიებაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში ტარდება, პრეზიდენტმა  როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, კრიზისიდან გამოსავლის ძიების მნიშვნელობას და ამ პროცესში დიპლომატების როლს. 

"პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა". 

პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ხაზი გაუსვა ეროვნული თანხმობისა და დიალოგისკენ მიმავალი პროცესის დაწყებას და მასში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერის  მნიშვნელობას.

"ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და ჩვენი დიასპორისგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები.

არაერთხელ მითქვამს, რომ პატარა ქვეყნის დიპლომატია ეგზისტენციალურია, თქვენ ხელშია ქვეყნის რეპუტაცია, მის მიმართ ნდობა, და მაშასადამე მისი მხარდაჭერა.  როგორც ყველა ჩვენგანს, თქვენც ბევრად მეტი გმართებთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ რასაც აკეთებთ საკმარისია და ამით დაკმაყოფილდეთ, ყოველთვის მეტი უნდა ისურვოთ და მეტს მივაღწევთ."

სალომე ზურაბიშვილა, თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა  კონფლიქტების მოგვარებაში ქალების როლს და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მაისში ეუთოს ეგიდითა და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის მხარდაჭერით, ქალი ლიდერების კონფერენცია მოიწვია.

პრეზიდენტმა კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში ელჩების აქტიური ჩართულობის იმედი გამოთქვა. 

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის პირველი დღე გახსნით სესიას, ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას, ამერიკის ქვეყნებთან, მეზობელ სახელწმიფოებთან და აზია - წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშრომლობას მიეძღვნა. გახსნით სესიაზე დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართეს.

კონფერენცია 23-24 დეკემბერს სხვდასხვა თემატური სამუშაო სესიებით გაგრძელდება.