პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა


11.12.2021

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვასილიოს დიღალაკისს და საბერძნეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დიმიტრის კუველას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული, რელიგიური და კულტურული კავშირები, რაც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კულტურის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზე და ამ ტრადიციული ურთიერთობის ფორმატში ხაზი გაესვა პარლამენტის როლის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, შეთანხმდნენ საბერძნეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ფორმატის გაზრდასა და მეტი სტუდენტის სწავლის ხელშეწყობის თაობაზე, ხაზი გაუსვეს მრავალრიცხოვანი დიასპორის როლს ორივე ქვეყანაში და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის მშობლიური ენის სწავლების, კერძოდ, საჯარო სკოლებში ენის საპილოტე პროგრამების ფუნქციონირების ხელშეწყობას. ასევე, განიხილეს მომავალ წელს საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი საბერძნეთის დედაქალაქსა და რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ამავე ფორმატში მომავალი წლისთვის განიხილება, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტები საქართველოში.

შეხვედრაზე ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა.