პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიფინგი


19.06.2022

“დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით, ევროპული ოჯახის განუყოველი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია ჰქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. 

აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად, ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელიბა. 

გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ ფასეულობით სისტემას, უსაფრთხოების გარემოს ევროპაში, რომლის განუყოველი ნაწილიც საქართველოა და სწორედ ამის აღიარება მოახდინა დღეს ევროკომისიამ. ეს არის დასრტური იმისა, თუ აქამდე ჩვენ პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ქვია. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირში შეთანხმებული ასოცირების დღისწესრიგის აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პარალელურად, გავაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას საქართველოს რეფორმების ამბიციური დღისწესრიგის შესასრულებლად. 

როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისიის აზრი, რომელიც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი პროცესისთვის, ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მასზე მსჯელობას გააგრძელებს ევროპული საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უკრაინას და მოლდოვას, ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში ომში მყოფი უკრაინის და უსაფრთხოების კონტექსტში გამოწვევების წინაშე მყოფი მოლდოვას მდგომარეობის გათვალისწინებით და ამ ქვეყნების წახალისების მიზნით იყო ნამდვილად შესაბამისი ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან. 

აქვე დავსძენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპი, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემაზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშავოთ პარტნიორებთან, საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით. 

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დღეს აქვთ შესაბამისი პოზიციები მომავალში ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე მისასვლელად საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას, ევროკავშირმა წარუდგინა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ თითოეულლი ქვეყანა მზად იქნება შესაბამისი მოლაპარაკებების დასაწყებად” - ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.   

ბრიფინგის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ: