პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა - "ჰერითიჯის ფონდი"


05.03.2021

"ჰერითიჯის ფონდი": რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა.

2021 წლის "ჰერითიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს. ამ მხრივ, საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ნიდერლანდების სამეფო, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი და სხვ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-ც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეძლო მიმდინარე წელს დაფიქსირებული მინიმალური უკუსვლის გადალახვა და წინსვლის უზრუნველყოფაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირება, რეგულაციების შესუსტება და გადასახადების გამარტივება, ხოლო ყოველივე ამან უზრუნველყო ქვეყნის წინსვლა ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს აქვს 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.

სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებშიც საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ისე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით. 

სასამართლოს ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა. შრომის თავისუფლების ინდიკატორი აფასებს დასაქმებულთა უფლებებს, დაქირავებისა და გათავისუფლების, სამუშაო დროის, შრომის ანაზღაურებისა და დასაქმების დონეს.

რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლების კომპონენტს, აღსანიშნავია,  რომ შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს. თავის მხრივ, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს შეფასება და პოზიციები ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უმჯობესდება. 

"ჰერითიჯის ფონდმა" ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი 2021 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში 27 წელია გამოიცემა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საყურადღებო რეიტინგად ითვლება. ინდექსი წარმოადგენს შეფასების 4 ძირითად ჯგუფში შემავალ 12 სხვადასხვა რაოდენობრივ და ხარისხობრივ პარამეტრზე  დაყრდნობით გამოყვანილ მსოფლიოს 184 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ამსახველ რეიტინგს.

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

[http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=288&info_id=78769]