პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის აღიარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლონდონში


07.06.2019

ა.წ. 7 ივნისს, ქ. ლონდონში, პროექტის „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანსა და ძიუდოს კლუბ „ფალავანის“ დამფუძნებელს, ლევან გოგინაშვილს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ქართული სათვისტომოს თანამონაწილეობით გაიმართა. პროექტის „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების“ ფარგლებში, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი დაჯილდოვდა საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის, ხოლო ლევან გოგინაშვილი კი ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. გამარჯვებულებს ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლს ქართული ენის, კულტურის, სპორტისა და ტრადიციების დაცვისა და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემის საქმეში.

პროექტი „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA 2) ფარგლებში.