პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვენაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა


01.06.2022

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვენაში მდებარე ისტორიულ სახლში - „Palais Pálffy“ გაიმართა ფოტო-გამოფენა - „საქართველოს განახლებული გზა ევროპისკენ“.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა. ელჩმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებით, საქართველომ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას.

თავის გამოსვლაში ელჩმა აღნიშნა, რომ დღიდან დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებისა, საქართველო ეგზისტენციალური რისკების ფასად იცავს თავის არჩევანს - დაუბრუნდეს კუთვნილ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში და გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.  

ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებაზე. ქეთევან ციხელაშვილმა  აღნიშნა, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველომ უკვე გადაიტანა 2008 წელს, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი დღესაც ოკუპირებულია, იქ დარჩენილი მოსახლეობის ყოფა კი გაუსაძლისი.  სწორედ ამ ვითარების ფონზე, რაც ახლა ჩვენს რეგიონშია, ჩვენი ქვეყნებისთვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება, რაც გულისხმობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გაკეთებული განაცხადის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნა ელჩმა თავის გამოსვლაში. 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ურთიერთობების სექციის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ელჩმა გერჰარდ ზაილერმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. აღინიშნა, რომ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან საქართველო და ავსტრია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ 100-ზე მეტი წლის წინ, ავსტრიის, როგორც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოს მიერ საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებით ჩაეყარა. ელჩმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის! 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის სამთავრობო და კულტურის წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე, დიპლომატიური კორსპუსისა და ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.