პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის ბიზნეს ფორუმი

მიმდინარე წლის 10, 11 და 12 დეკემბერს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დიასპორის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. 

ფორუმი მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობას, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას, ბიზნეს კონტაქტების დამყარებას და ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ღონისძიების მონაწილეებს -  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და უცხოელ სტუმრებს -  საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ საქართველოს საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს, ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს.

დიასპორის ბიზნეს ფორუმის გახსნითი ნაწილი 10 დეკემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’'-ში შედგა. მონაწილეებს ვიდეო მიმართვით მიესალმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ფორუმი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სააგენტოები (,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), კერძო სექტორის წარმომადგენლები, 15-მდე დიასპორის წარმომადგენელი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, აშშ-დან და მათ მიერ მოწვეული უცხოელი სტუმრები.

მომდევნო დღეების მანძილზე, ფორუმის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა დაინტერესებულ დიასპორასა და მათ უცხოელ პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის, რათა განხილულ იქნა დიასპორულ, უცხოურ და ადგილობრივ ბიზნესებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. Ასევე, შედგა დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტი კახეთში და შიდა ქართლში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან საქმიანი კავშირების დამყარებისა და მომავალი აქტივობების დაგეგმვის მიზნით.  სამდღიანი ბიზნეს ფორუმი 12 დეკემბერს დაიხურა.

 

სასარგებლო ბმულები