პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თერჯოლის მუნიციპალიტეტი / სოფელი ძევრი

მიმოხილვა

ძევრი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძევრულის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე, თერჯოლიდან 12 კმ-ში. არის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (შედის სამი სოფელი: ძევრი, ოქონა და სეფარეთი). სოფელში გადის თერჯოლა-ტყიბულის-ამბროლაური-ონის საავტომობილო გზა. უახლოესი რკინიგზის სადგურია „ზესტაფონი“ (22 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 50 კმ-ით.

ძევრი უძველესი დასახლებაა. იგი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქარღველოსა“ და იოჰან გიულდენშტენდტის „მოგზაურობა საქართველოში“.

სოფლის მიდამოებში, მდინარე შავიწყლის ხეობაში ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარსტრული მღვიმე და არქეოლოგიური ძეგლი - საგვარჯილე. რომელიც 1951-1952 წლებში გაითხარა.

საგვარჯილეს მღვიმის სიგანე შესასვლელთან 37 მ, სიგრძე - 13 მ-ია. მღვიმეში და მღვიმის წინ გამოვლინდა რამდენიმე ფენა: ზედაპალეოლითური, მეზოლითური, ენეოლითურ-ადრებრინჯაოსი, ადრე შუა საუკუნეების. საგვარჯილეს მღვიმის მიმდებარედ ორასამდე მცირე ზომის კასტრული მღვიმეა. ეს მღვიმე დღეისათვის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.

სოფელში არის მე-6 საუკუნის ჩეხნარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და მე-19 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მოქმედია.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეგუდიელის კოშკი და ეკლესია.

სოფელში ჩამოდის მდინარე ძევრულა, რომელზეც შესაძლებელია ჯომარდობის განვითარება. სოფელში სასურველი პირობებია მეკლდევეობის განვითარებისთვის. სოფელში არის პანორამა გადასახედი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი.

ძევრულ ჰესის ტერიტორიაზე მდებარეობს შავწყლას მღვიმე, რომელიც მეცნიერულად შესწავლილი არ არის, თუმცა მასში მოწყობილია ინფრასტრუქტურა უსაფრთხო გადაადგილებისათვის.

სოფლის ეკონომიკის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა, მესიმინდეობა, მესაქონლეობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 590 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1321

633

688

2014

 590

310

280

სოფელში არის სკოლა, ბაგა-ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, სპორტული მოედანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი, ძევრულ-ჰესი, კომერციული ობიექტები, ბენზინ გასამართი სადგური და ვეტერინალური პუნქტი. სოფელში არის თანამედროვე სასტუმრო, რესტორანი და რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგების სისტემის გაყვანილობა სრულდება უახლოეს მომავალში. არის საკაბელო და უკაბელო ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა ასფალტირებულია. დასრულების სტადიაშია სოფელ ძევრის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მოასფალტებულია გზები, რეაბილიტირებულ-შეღებილია შენობები, მოწყობილია ფანტანი, მოწესრიგებულია საფეხმავლო ბილიკები).

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 33.14.34.012
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ძევრის, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 230 მეტრი, სოფელ ძევრის ცენტრიდან 1.5 კმ. ნაკვეთიდან 1 კმ-ით არის დაშორებული თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაური-ონის საავტომობილო გზა, უახლოესი რკინიგზის სადგურია ზესტაფონი (23 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 51 კმ-ით.
  • მიწის ფართობი: 5412.00 მ2.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ზედა სიმონეთი (სოფლის ცენტრამდე 2,8 კმ) და სოფელი ჩხარი (6 კმ), სოფელი გოგნი (4 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტო-ბეტონით მოპირკეთებული გზა
    • ელექტრო სისტემა: 500 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 500 მეტრში არის წყლის-სისტემა
    • გაზმომარაგება: 500 მეტრში არის გაზგაყვანილობა
  • გამოყენების მიზნობრიობა: გამოყენებული შეიძლება იქნას, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ასევე საცხოვრებელი სახლის ან საწარმოს ასაშენებლად.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები