პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი / სოფელი ფარცხნალი

მიმოხილვა

ფარცხნალი - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჯიხველის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: ახალსოფელი, ისლარი, ღუდუმექედი. მდებარეობს ზღვის დონიდან 440 მეტრზე, დაბა ხარაგაულიდან 4 კმ-ში. სოფლიდან 16 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, 4 კმ-ში - რკინიგზა (უახლოესი სადგურია „ხარაგაული“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 65 კმ-ია.

ფარცხნალის ადმინისტარციულ ერთეულში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი კახორი. ლეგენდის მიხედვით, თამარ მეფეს ორი კახელისთვის წმინდა ქვები გაუტანებია. კახელებს ეს მთა გადაუვლიათ და აქ დაღუპულან. მთისთვის ეს სახელი „კახორი“ იმ ორი კახელის პატივსაცემად (კახ–ორი) დაურქმევიათ. მოგვიანებით, კახორის მთაზე "ცოცხალი ჯაჭვით" ხელიდან ხელში გადაწოდებით აზიდული სამშენებლო ქვისგან წმ. გიორგის სახელობის სალოცავი აუგიათ. ძველისძველი ტაძრიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. სალოცავი აღდგენილია 2008 წელს. ყოველი წლის 28 ივლისს წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას დღესასწაულს ხარაგაულელები ტრადიციულად კახორის მთაზე აგებულ წმ. გიორგის სალოცავზე აღნიშნავენ. ამ დღეს სალოცავს ასეულობით მომლოცველი სტუმრობს, დღესასწაულს ღამისთევითაც ეგებებიან.

სოფლის ცენტრში დგას მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული დიდი მოცულობის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას გაკლაქტიონ ტაბიძის მიერ 1910 წელს დარგული ცაცხვის ხე.

ფარცხნალში არის უნიკალური წყალი, რომელიც მოსახლეობის გადმოცემით კურნავს სახსრების დაავადებას. სოფელში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სამკურნალო აბანო, რომელიც შემდეგ განადგურდა.

სოფელ ფარცხანალში ეკონომიკის წამყვანი სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მესაქონლეობა და მეფუტკრეობა.

სოფელმა, სადაც მხოლოდ 200 კომლი ცხოვრობს, საქართველოს და მსოფლიოს 4 აკადემიკოსი, 40-ზე მეტი პროფესორი, მეცნიერების, ხელოვნებისა თუ მწერლობის ღირსეული წარმომადგენლებია აღუზარდა. მათ შორისაა: ევგენი ხარაძე, არჩილ ხარაძე, ნადეჟდა ხარაძე, კიტა ბუაჩიძე, თენგიზ ბუაჩიძე, რეზო თაბუკაშვილი

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 254 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

451

206

245

2014

 254

133

121

სოფელში არის დაწყებითი სკოლა, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია.

სოფელი ელექტროფიცირებულია. იგეგმება გაზიფიცირება 2020 წელს. წყალმომარაგება ხდება როგორც წყალგაყვანილობის სისტემიდან, ასევე ჭებიდან. დაგეგმილია საკაბელო ინტერნეტის ქსელის გაკეთება. სოფლის ცენტრალური გზა ნაწილობრივ მოასფალტებულია და ნაწილობრივ მობეტონებული, იგეგმება საუბნო გზების შეკეთება.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით (ყოფილი აბანოს შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ყოფილი აბანოს შენობა, რომლის ფართობია - 78 მ2; სართულების რაოდენობა - 1, ოთახების რაოდენობა - 4, ჭერის სიმაღლე - 2.5 მ. ტექნიკური მდგომარეობა: გასარემონტებელი.

  • საკადასტრო კოდი: 36.09.35.008
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს სოფელ ფარცხნალში. რაიონული ცენტრიდან 2 კმ-ში. ცენტრალური გზა მოასფალტებულია. დაშორება ცენტრალური გზიდან 200-300 მეტრი. მდინარე ჯიხველას მარცხენა სანაპიროზე. 17 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, 2 კმ-ში - რკინიგზა (უახლოესი სადგურია „ხარაგაული“), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 65 კმ-ს.
  • ფართობი: 1001.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: დაბა ხარაგაული (2 კმ), სოფელი თეთრაწყარო (2 კმ), სოფელი ვანი (1 კმ)
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: 200 მეტრში არის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: 200 მეტრში გადის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 1 კმ-ში არის წყალგაყვანილობის სისტემა
    • გაზმომარაგება: 200 მეტრში არის ხელმისაწვდომი გაზგაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: სამკურნალო დანიშნულების აბანოდ, სამკურნალო დანიშნულების სასტუმროს ასაშენებლად / მოსაწყობად. შენობა სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში 5-წლის წინ გარემონტდა (დაგებულია მეტლახი, მილები გაყვანილია), მაგრამ არ არის დასრულებული. შენობა ამჟამად მიტოვებული და უმოქმედოა. მასში უნდა განთავსებულიყო სამკურნალო დანიშნულების აბანო. შენობიდან 8 მეტრში მოედინება სამკურნალო დანიშნულების წყალი. წყლით სარგებლობისათვის საჭიროა შესაბამისი ლიცენზია.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ N15. ხარაგაულის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ გოლუბიანი. ტელ: (+995) 577 57 72 17; ელ.ფოსტა: [email protected]

  

სასარგებლო ბმულები