პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი / სოფელი გეგუთი

მიმოხილვა

სოფელი გეგუთი - სოფელი იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 85 მეტრი, წყალტუბოდან 17 კმ, ქუთაისამდე - 7 კმ.

გადმოცემით სოფელში ტარდებოდა ჯაროობა, შეკრება სადაც იმართებოდა ცეკვა, შეჯიბრი, დოღი. ხოლო წმინდა ელიას ეძახდნენ ადგილს, სადაც სალოცავი და წმინდანების საფლავები იყო. წმინდა ელიას მახლობლად იყო წყლის წისქვილი. ამ ადგილს „ნაწისქვილებს“ ეძახდნენ.

გეგუთი ცნობილია „ციხე დარბაზით“, რომელიც VIII საუკუნის არქიტექტურული ძეგლია. გეგუთის სასახლე წარმოადგენდა თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციას, ციხე-დარბაზს გაუკეთდა ნაწილობრივ რეკონსტრუქცია და ამჟამად მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები.

სოფლის ტერიტორიაზეა 3 მოქმედი ეკლესია, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობისაა. ამჟამად მიმდინარეობს წმინდა ელიას სახელობის ეკლესის მშენებლობა, რომელიც უახლოს დროში დასრულდება.

სოფელ გეგუთში ამჯამად გავრცელებული გვარებია: ბოდოკია, გაბუნია, სირაძე, მუშკუდიანი, გიგიაძე, ხოჯავე, მამისეიშვილი, წიქორაძე, ხაჟალია, სანებლიძე, კუხიანიძე, შალიკაშვილი, მაჩალაძე, დათიაშვილი, ჯიქიძე, ხინგავე, ფესტვენიძე, ამაღობელი, მჟავანაძე, დაშნიანი. თქმულების მიხედვთ თამარ მეფემ ბოდოკიები ჩამოიყვანა სამეგრელოდან, როგორც კარგი მონადირეები და ასევე მუშკუდიანები სვანეთიდან, როგორც მომღერლები.

სოფელში დამკვიდრებულია დღესასწაული „თამარობა“, რომელიც აღინიშნება 14 მაისს. დღესასწაულზე სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოდიან სტუმრები, იკრიბებიან ციხის ნანგრევების ეზოში, სადაც იმართება საზეიმო ღონისძიებები და დოღი. სპორტული ასპარეზობები იმართება სოფლის ცენტრში არსებულ ფეხბურთის სტადიონზე.

სოფელს გარს აკრავს საყანე მიწები: ვაშლიანი, გელიაური, ონკოლოფო, ფონა, რომელზეც დღესაც ითესება სიმინდი და ბოსტნეულის კულტურები. გეგუთი ცნობილი იყო სხვადასხვა საჯიშე კულტურების გამოყვანით, განსაკუთრებით ცნობილია ყვითელი სიმინდის ახალი ჯიში „გეგუთის ყვითელი“, ის გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით.

გეგუთში არის საძოვრები: ხვილიფი, კაპრალა, ქაცვიანი. სოფელში ძირითადად მესაქონლეობა და მებოსტნეობაა განვითარებული. არის ადგილები სადაც ხდება ქამა სოკოსა და მანჭკვალას მოპოვება.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 5 049 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

5 823

3 168

2 655

2014

 5 049

2 987

2 062

ამჟამად გეგუთი ერთ-ერთი განვითარებული სოფელია, სადაც ფუნქციონირებს სრული და არასრული საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი კულტურის სახლი, პოლიკლინიკა, არის თანამედროვე პოლიციის შენობა, სოფელში ფუნქციონირებს საყოფაცხოვრებო და სავაჭრო ობიექტები, ბენზინ და გაზგასამართი სადგური, რესტორნები და სარიტუალო შენობები, მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ობიექტები. სოფელს ემსახურება ხუთი მომქმედი წისქვილი.

სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

სოფელი მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ინდივიდუალური ღია ჭებიდან, არის საკაბელო და უკაბელო ინტერნეტ ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზები ნაწილობრივ მობეტონებულია და ნაწილობრივ მოხრეშილია.

სასარგებლო ბმულები