პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები

"საქართველოს აგროსასურსათო სექტორი - თქვენი ინვესტიციისთვის!" - გზამკვლევი

გზამკვლევი საქართველოს აგროსასურსათო სექტორის შესახებ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინფორმაციას საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე შემდეგი მიმართულებებით: თხილის წარმოება; ვაშლის წარმოება; მოცვის წარმოება; ბლის წარმოება; მანდარინის წარმოება; ატმის წარმოება; ხურმის წარმოება; კიტრის წარმოება; პომიდვირის წარმოება; ხახვის წარმოება; სტაფილოს წარმოება; მწვანილის წარმოება; კარტოფილის წარმოება; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება; ღორის ხორცის წარმოება; ფრინველის ხორცის წარმოება; მტკნარი წყლის თევზის წარმოება; რძის პროდუქტების წარმოება; თაფლის წარმოება; ჩაის წარმოება და ხორბლის წარმოება.

 

მეტის ნახვა

სოფლად ბიზნესის განვითარება“ - საგრანტო პროგრამა

„სოფლად ბიზნესის განვითარება“ გახლავთ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში. განაცხადები, ასევე, მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170 000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები, ასევე, მიიღებენ 30 000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს  წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

მეტის ნახვა

პროგრამა „დანერგე მომავალი

პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. იგი, ასევე, მიზნად ისახავს ადგილობრივი მაღალხარისხიანი სანერგე მასალების წარმოების მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებასა და მეხილეობის სექტორის გაუმჯობესებას. პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სამი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) ბაღების კომპონენტი - ფინანსური დახმარება გულისხმობს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას, თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით;

ბ) სანერგეების კომპონენტი - ფინანსური დახმარება მოიცავს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას, თანადაფინანსების სახით, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად, რომელსაც გამოყავს უვირუსო ნერგი;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის კომპონენტი - ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას, თანადაფინანსების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნით, როგორც არსებულ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელ ახალ მრავალწლოვან ხეხილის ბაღისთვის.

მეტის ნახვა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, მიზნად ისახავს ერთწლიანი და მრავაწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობას. პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს: ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ბ) დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა; გ) ღია გრუნტში ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ხარისხის ზრდა. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა. პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას; ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას; ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარს. 

 

მეტის ნახვა

 

აგროდაზღვევის პროგრამა

აგროდაზღვევის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). ვაზის გარდა, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სააგენტოს თანამონაწილეობა არის 70%, ვაზის შემთხვევაში კი - 50%.

მეტის ნახვა

შეღავათიანი აგროკრედიტი

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში, შეღავათიან აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.

მეტის ნახვა

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება

"გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" პროექტს ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროექტი ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას შემდეგი ორი კომპონენტის ფარგლებში: გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია, სანედლეულო ბაზის განვითარება და ა.შ.; შემნახველი საწარმოების კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობას, ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ა.შ. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით: სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა; შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - არაუმეტეს 1 500 000 ლარისა; ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო. პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და ქალაქი, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთისა.

მეტის ნახვა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის" პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობას. პროგრამის ბენეფიციარი საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, იჯარის შემთხვევაში - 70%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში - 80%-ით და იჯარით ფლობის შემთხვევაში კი - 90%-ით. სააგენტო, აგრეთვე, განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა.

მეტის ნახვა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამას" ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის დარგის მიმართულებით თანადაფინანსებას როგორც ახალი საქმიანობის დაწყების, ასევე არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების შემთხვევაში. პროგრამის პირობები გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსებას შემდეგი მიმართულებით: ა) რძის პირველადი წარმოება; ბ) რძის შემგროვებელი პუნქტი; გ) რძის გადამამუშავებელი საწარმო; დ) ცხოველის საკვების პირველადი წარმოება; ე) ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი და ქვემო ქართლი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 


მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები