პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სხვა პროგრამები

სოფლად ბიზნესის განვითარება“ - საგრანტო პროგრამა 

„სოფლად ბიზნესის განვითარება“ გახლავთ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში. განაცხადები, ასევე, მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170 000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები, ასევე, მიიღებენ 30 000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს  წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის განვითარება

სოფლის მეურნეობის განვითარება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „ზრდა/Zrda“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იგი გულისხმობს სოფლად საოჯახო მეურნეობების დახმარებას მათი პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით. კერძოდ, პროექტი მოიცავს ბოსტნეულის, კენკრის და მეფუტკრეობის წარმოების, ასევე, ხილის ბაღების სექტორს. პროექტი ფოკუსირებულია ფერმერებისთვის წარმოების ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაზე, ტექნიკურ დახმარებასა და მათთვის ტრენინგების ჩატარებაზე, საბაზრო კავშირების ხელშეწყობასა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემები სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის (პანკისის ხეობა), შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროექტში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს/ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს წლის ნებისმიერ დროს.

მეტის ნახვა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა ორიენტირებულია კენკროვანი კულტურების (კივის ჩათვლით), მწვანილის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეულის, მანდარინის, სუფრის ყურძნის, კაკლის, ფსტისა და ნუშის პროდუქციის ხელშეწყობაზე. პროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბაზარზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, დარგობრივი ასოციაციები, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლები. პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: ფინანსურ მხარდაჭერას თანაინვესტირების პრინციპით და ტექნიკურ დახმარებას. პროგრამის ფარგლებში გრანტები გაიცემა კონკურსის წესით წლის სხვადასხვა პერიოდში.

მეტის ნახვა

მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)

პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ ხორციელდება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდა სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთში. 

პროექტი მდგრადი სამთო ტურიზმის მიმართულებით გულისხმობს: სტრატეგიული პოლიტიკის და დოკუმენტების შემუშავებაში ხელშეწყობას; ორი რეგიონის - სვანეთისა და რაჭის ბრენდის შექმნასა და  რეგიონალური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას; ახალი საბაზრო შესაძლებლობების აღმოჩენა-განვითარებას; საგრანტო დახმარებას ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის.

ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი პროექტი: კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასების პროცესს;  ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან (თვითმართველობა, კერძო სექტორი, მწარმოებლები) თანამშრომლობით, იგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის რეგულაციების შესახებ აღნიშნულ სექტორში; დახმარებას უწევს ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროცესს; ასევე, პროექტი საგრანტო / აღჭურვილობით დახმარებას სთავაზობს ადგილობრივებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში.

პროექტის ბენეფიციარები: ტურიზმის სფეროში მოღვაწე 400 მცირე საწარმო, 300 განთავსების მომსახურების მიმწოდებელი, 300 სხვა ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, 230 ფერმერი, 2 სასერთიფიკატო ორგანო, 76 ადგილობრივი მოსახლე და სხვ.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები