პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აშშ-ში 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა


09.08.2019

ქ. ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო. საღამოს ფარგლებში ასევე მოეწყო აგვისტოს ომის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, რომელმაც მიმოიხილა აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათი შედეგები და საქართველოს დღევანდელი გამოწვევები რუსული ოკუპაციის სახით. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას.

ამასთან, საღამოზე აშშ-ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშვილისა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თედო რეხვიაშვილის ინიციატივით მოეწყო ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აშშ-ში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების მხატვრების მიერ აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა განხორციელდა პროექტის „მხატვრები მშვიდობისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანი გახლდათ პატივის მიგება აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის და ყურადღების გამახვილება საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიაზე.

საელჩოში გამართულ ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს მეგობრები აშშ-ის მთავრობიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური კორპუსიდან.