პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ასოციაცია “აკიდოს” ორგანიზებით რომში ლიტერატურული საღამო გაიმართება


19.09.2022

ასოციაცია “აკიდო” 25 სექტემბერს ლიტერატურული საღამოს შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

ლიტერატურული საღამოს ფარგლებში, ასოციაცია წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველ მწერალს - თეონა დოლენჯაშვილს, რომელიც პრემია “საბას” ორგზის გამარჯვებული და სხვადასხვა პრემიის მფლობელია. ავტორი წარმოადგენს ნაწარმოებს “ჩიტი არ გამოფრინდება”-ს (გამომცემლობა “ინტელექტი"), რომელიც პრემია “ფაზისის” გამარჯვებული და “ლიტერას” ნომინანტია. რომანი არის აფხაზეთის და სირიის ომზე, სოხუმიდან დევნილ გოგოზე,რომელიც სირიაში ფოტორეპორტიორად მიდის და სხვის ომში საკუთარი ომი უცოცხლდება. წიგნი ჩვენი ქვეყნის ძნელბედობაზეა, ადამიანებზეა, რომლებიც  ომისა და დევნილობის პირობებში ახერხებენ შეინარჩუნონ მთავარი - სიყვარული.

მეორე ავტორი ქეთი ნიჟარაძეა, რომელიც წარმოადგენს თავის მეექვსე პოეტურ კრებულს “რომაული არდადეგები” (გამომცემლობა “პალიტრა L”). მისი ბოლო პოეტური კრებული - "რომაული არდადეგები" ანტიკური სამყაროს თემაზეა შექმნილი. წიგნში გამოქვეყნებული ყველა ლექსი ლათინური ფრთოსანი ფრაზის სათაურითაა წარმოდგენილი და შეიცავს ამ ფრაზის იდეის რეცეფციას. ზოგიერთი ლექსი მიჰყვება ლათინური გამოთქმის მთავარ იდეას, ზოგიერთი კი გვთავაზობს მათ სრულიად განსხვავებულ კონტექსტს.

მწერლებთან შეხვედრისა და წიგნების პრეზენტაციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას  შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მათი წიგნები და მიიღონ ავტორებისგან ავტოგრაფები.

შეხვედრა გაიმართება 25 სექტემბერს 16:00-ზე.

მისამართია:Via Enrico Cravero 22/24

(მეტრო სადგურ Garbatella-დან 600 მეტრში.B ლურჯი ხაზი)

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ასოციაცია “აკიდოს” გვერდს:

https://bit.ly/3QTY49G