პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენში “ვეფხისტყაოსნის” ბერძნული თარგმანისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება


13.09.2022

ქართული შემოდგომა ათენში გრძელდება!

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 14 სექტემბერს, ოთხშაბათს, 18.00 საათზე, ათენის ცენტრში, ზაპიოს პარკში, საქართველოს ეროვნულ სტენდთან მდებარე საპრეზენტაციო სივრცეში „იაკოვოს კაბანელის“, გაიმართება საღამო, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსა“ და მის დღემდე არსებულ ერთადერთ ბერძნულ თარგმანს. 

რუსთაველის ბერძნული თარგმანი ეკუთვნის ემანუილ მიტაფიდისს, ხოლო წიგნი მისი შვილიშვილის, გრიგორი კირიაკოსის ძალისხმევით გამოიცა 2016 წელს - შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. 

ღონისძიებას გახსნის ათენის წიგნის ფესტივალის დირექტორი, ბერძენ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი გრიგორის პლასტარასი.

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, დავით დონდუა, წაიკითხავს მოხსენებას „ადამიანი - როგორც მთავარი ფასეულობა - „ვეფხისტყაოსანში.“

ღონისძიებას ქართულ-ბერძნულ ენებზე გაუძღვება საელჩოს პირველი მდივანი, ელინისტი ანი უძილაური, რომელიც  წაიკითხავს მოხსენებას: „ვეფხისტყაოსნისა“ და ჰომეროსის ეპოსის ტიპოლოგიური პარალელები“.