პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქართული სკოლის ახლადაშენებული შენობა გაიხსნა


16.09.2019

დღეიდან, 16 სექტემბრიდან, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე სასწავლო წელს ახალ შენობაში შეუდგება.

კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის ახლადაშენებული შენობა, აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევითა და საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საზეიმოდ გაიხსნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობის ასაშენებლად შესაბამისი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით.

სკოლის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე. ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს უმაღლესი სტანდარტების სკოლის ახალი შენობის უმოკლეს ვადებში ექსპლოატაციაში შესვლის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში.

სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.