პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა


09.07.2020

 

მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა შეხვედრა ბარსელონაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან.შეხვედრაზე მიმოიხილეს ესპანეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ქართული სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა დასახმარებლად გაწეული სამუშაოები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს საკონსულოში სამუშაო პრაქტიკის გავლის, ქართველი სტუდენტებისათვის ესპანეთში გრძელვადიანი ბინადრობის უფლების მიღების პროცედურების, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვადასხვა საკონსულო საკითხის თაობაზე.

შეხვედრაზე, რომელიც 3 საათის განმავლობაში მხიარულ და ცოცხალ გარემოში მიმდინარეობდა, ახალგაზრდების მხრიდან გაჟღერდა უამრავი საინტერესო იდეა და სასარგებლო ინიციატივა. გადაწყდა, რომ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ახლო მომავალში, ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა.