პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბელგიაში ქართული სათვისტომოს ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიება გაიმართა


02.05.2022

ბელგიაში საქართველოს საელჩომ, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობამ, ბელგიაში ქართული სათვისტომოს ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიებას უმასპინძლა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელის, ანტვერპენისა და ლიეჟის საკვირაო სკოლებისა და ქორეოგრაფიული წრეების აღსაზრდელებმა.

საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, დიასპორის წარმომადგენლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მან საკვირაო სკოლებისა და ქორეოგრაფიული წრეების პედაგოგებს მადლობა გადაუხადა ბელგიაში ქართული ენისა და კულტურის წარმოჩენის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საელჩოსა და ქართულ სათვისტომოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადა სააღდგომო ღონისძიების მასპინძლობისთვის. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია

ღონისძიებაზე საკვირაო სკოლების აღსაზრდელებმა ქართველი პოეტების ლექსები წარმოთქვეს და ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, რასაც დიასპორის ბავშვებისათვის დაგეგმილი სპეციალური შემეცნებითი-გასართობი პროგრამა მოჰყვა. 

საქართველოს საელჩომ სათვისტომოს წარმომადგენლებისთვის მცირე მიღება გამართა და საკვირაო სკოლების აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

ღონისძიების დასასრულს დიასპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს ღონისძიების ორგანიზებისა და საკვირაო სკოლების აღსაზრდელთა მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სათვისტომოს საზღვარგარეთ ქართულ საქმეში შეტანილი წვლილისათვის და დიასპორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიულოცა აღდგომის დღესასწაული.