პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აჭარაში


08.09.2022

მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, გერმანიაში მოქმედი „ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოებისა“ და მისი ხელმძღვანელის,  პავლე შპეტიშვილის ორგანიზებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი. დელეგაციას, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიწვევით იმყოფებოდა, ლანდტაგის პრეზიდენტი ულრიკე ლიდტკე ხელმძღვანელობდა.

6-კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ლანდტაგის დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები და ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი შედიოდნენ, აჭარას პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის განახლება-გააქტიურების მიზნით ესტუმრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის წლების წინ დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების და ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პეტიციების, მათში მოქალაქეთა ჩართულობის, ევროსტრუქტურებში საქართველოს მხარდაჭერისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, ქვემო სილეზიის სეიმისა და ბრანდენბურგის ლანდტაგის ორგანიზებით რეგიონული პარლამენტების კონფერენციის ჩატარებას, რომელიც ღია მმართველობის საკითხებს დაეთმობა.

ქალბატონმა ულრიკე ლიდტკემ, დელეგაციის სახელით, გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს და დავით გაბაიძე ოფიციალურად მიიწვია ბრანდენბურგში. სტუმრებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვეს შთაბეჭდილებათა წიგნში.  აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 6 ივნისს, პოტსდამში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ბრანდენბურგის ლანდტაგს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. დოკუმენტი, მხარეებს შორის თანამშრომლობასთან ერთად, საპარლამენტო, რეგიონული და ფედერალური მმართველობის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში, 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის  პრეზიდენტს, დოქტორ ულრიკე ლიდტკეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება გერმანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. აღსანიშნავია წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 6000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

მჭიდრო თანამშრომლობაა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში, როგორიცაა „მუსიკა, როგორც უნივერსალური ენა კულტურათა შორის“ და  „სპორტი როგორც მეგობრობის ხიდი“,   ასევე ტურიზმის მიმართულებით. მზარდია ვიზიტების სტატისტიკა გერმანიიდან აჭარის რეგიონში. გრძელდება ერთობლივი პროექტები განათლების სფეროში. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.