პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრაზილია - ქ. გოიანიაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა


31.12.2019

ამა წლის 30 დეკემბერს, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის შტატ გოიასის დედაქალაქ გოიანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი. ოფისს საქართველოს საპატიო კონსული მარსელო ლელის სერტაო უხელმძღვანელებს.

თავისი ეკონომიკური პოტენციალით გოიასის შტატს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რეგიონში აქტიურად ვითარდება ბიზნესი, მყარდება ახალი პარტნიორული კონტაქტები კომპანიებთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც საქართველოს ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით მზარდ ინტერესს იწვევს.

ქ. გოიანიაში საპატიო საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-ბრაზილიურ ურთიერთობებში. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ბრაზილიაში, ქვეყნის კულტურისა და მრავალფეროვნების სათანადოდ წარმოჩენას, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი ასევე ქ. სან-პაულოშიც გაიხსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში.