პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ჩემი ენა ქართული“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულთა წარდგენა


15.04.2021

2021 წლის 14 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, კალიგრაფიის კონკურსის - „ჩემი ენა ქართული“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კალიგრაფიის კონკურსის მიზანს თანამემამულეებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა წარმოადგენდა. მონაწილეობის მსურველებს უნდა წარმოედგინათ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც გამოხატავდა ზოგადად, ქართული ენის მნიშვნელობას და კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და დედაენის დღე მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მან ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელიც მშობლიური ენის შენარჩუნების მიმართულებით შემუშავდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფო უწყებას თუ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუდმივად, სამინისტროსთან ერთად, ცდილობენ დიასპორაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გამოყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებული ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოები და აღნიშნული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილ იქნენ საკვირაო სკოლები.

ღონისძიების მონაწილეებს ვიდეო გზავნილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მშობლიური ენის, როგორც სახელმწიფოებრიობის საყრდენის მნიშვნელობაზე. პრეზიდეტმა ვიდეო მიმართვაში ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში არსებულ მეტ შესაძლებლობებს ენის შესანარჩუნებლად და მადლობა გადაუხადა თანამემამულე მოზარდებსა და საკვირაო სკოლის პედაგოგებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისათვის.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ალექსანდრე ასათიანი-კრევო და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტამ ბაგაური.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში. მოზარდები და პედაგოგები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის მემორიალურ ნივთებს, ყოფით და ეთნოგრაფიულ მასალას, წიგნად ფონდს, მათ შორის, გოგებაშვილის ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველ გამოცემებს.

 ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიულოცა დედა ენის დღე და კონკურსის გამარჯვებულებს გადასცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები. ნომინაციაში - საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდნენ: 1. სელამი გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსის მოსწავლე; 2. მარიამ თოდუა, ქ. ბარსელონას წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლე; 3. ელენე გუნთაძე, ქალაქ გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა „იმედის“ მოსწავლე; 4ლილე ჯერაპოვა, ქ. ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრთან „ფესვები“ არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლე. ნომინაციაში - საუკეთესო შინაარსის მხატვრული ესსესათვის დაჯილდოვდნენ: 1. ბარბარე მერებაშვილი, ქ. კარლსრუეს ქართული საკვირაო ბაღისა და სკოლის „ფესვები“ მოსწავლე; 2. თემო ნიჟარაძე, საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის - "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" მოსწავლე; 3. ნინო ბარკალაია, ქ. კიევის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის - „იბერიელი“ მოსწავლე; 4. ნინა რევიშვილი, ქ. მილანის ასოციაცია ქართულ სახლთან არსებული საკვირაო სკოლის „თამარიონი“ მოსწავლე. ნომინაციაში - „ყველაზე თბილი მხატვრული ესსე“ დაჯილდოვდა ბარბარე მშვენიერაძე, ქ. ბარსელონას წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ონლაინ საკვირაო სკოლის მოსწავლე საფრანგეთიდან, ხოლო ნომინაციაში - ყველაზე გულწრფელი მხატვრული ესსესათვის - ელენე ბარათაშვილი, ქ. ტალინის ქართული საკვირაო სკოლის ,,მზიური" მოსწავლე.

საპატიო სიგელები ნომინაციაში - „ქართული ენისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული დამოკიდებულება“ გადაეცათ: 1. ჰანნეს ვირთს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 2. იუქსელ ბაიდარს, თურქეთის რესპუბლიკა; 3. ჯინ ბლეიქმენს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეულები გახდნენ: 1. სანდრო რობაქიძე, საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის - "გაკვეთილები საზღვრების გარეშე" მოსწაველე,  გერმანია; 2. სელამი გუმუში, თურქეთი, 3. მინე აქთაი, თურქეთი, 4. ჰანნეს ვირთი, გერმანია, 4. ჯინ ბლეიქმენი, დიდი ბრიტანეთი.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 118-მა პირმა (მსოფლიოს 15 ქვეყნიდან), გაიმარჯვა 13 კონკურსანტმა, მათ შორისაა კონკურსის უხუცესი მონაწილე 87 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ჯინ ბლეიქმენი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები.