პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დამოუკიდებელი საქართველო დემოკრატიისა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზას ირჩევს - დავით ზალკალიანი


26.05.2021

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - დაკარგული და მოპოვებული თავისუფლების ისტორია“ - ამ სათაურით გამოცემა „ევროაქტივი“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში მინისტრი აღნიშნავს, რომ 2021 წელი ერთგვარი ნიშანსვეტია, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო თარიღთან ერთად, 2021 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე და საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავიც აღინიშნება.

ზალკალიანის თქმით, 1921 წელს საქართველომ პირველი კონსტიტუცია მიიღო და შემდგარ სახელმწიფოდ იქცა, და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციამ ქვეყანას თავისუფლება დააკარგვინა, დამოუკიდებლობის სამმა წელმა ქართველ ერს წარსულის გააზრება, მომავლის გზის დასახვა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ასწავლა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნების გზა არ ყოფილა მარტივი. „საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ საფრთხეს უქმნის ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა დღეს საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც მხარს საერთაშორისო საზოგადოება უმაგრებს“.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა. ქვეყანა დღენიადაგ ისწრაფვის ევროპული ევროინტეგრაციისკენ და ამ გზაზე მან უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს.

საქართველო ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნასა და ევროკაშირის ერთიან ბაზარში ქვეყნის ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბება საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მთავარი ელემენტია. სწორედ ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელებაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის პოზიციას გაამყარებს.

ამ კუთხით, ზალკალიანი ყურადღებას ამახვილებს „ასოცირებული ტრიოს" დაფუძნებაზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისა და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის სამი სახელმწიფოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ევროპული ინტეგრაცია ახალ მნიშვნელობას იძენს იმ შესაძლებლობების კუთხით, რომლებსაც ის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებებს სთავაზობს. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ევროპაში ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობას ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც შესძლებენ, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების გრძელვადიან მიზანს ემსახურება.

თავის სტატიაში ზალკალიანი ევროატლანტიკური ოჯახისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. ამასთან, საქართველოს გამორჩეული წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში და ნატოს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე რიგით პირველი კონტრიბუტორია. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. აღნიშნულ ფონზე, მინისტრის თქმით, საქართველო ალიანსისგან გადამწყვეტ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელის.

„ისტორია ადასტურებს, რომ როდესაც საქართველო თავისუფალია და დამოუკიდებელი, ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის განმტკიცების გზას ირჩევს. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მიიყვანს“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

Independence Day of Georgia – a story of freedom lost and regained