პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


01.06.2023

30 მაისს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყების, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ქართული დიასპორა, დანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და საელჩოს სხვა მეგობრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ლიზბეტ ზილმერ-ჯონსმა.

ელჩმა 26 მაისის მნიშვნელობაზე, საქართველოსა და დანიის ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ მომავალსა და ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში დანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

აღსანიშნავია, რომ ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანის გამოფენას 2023 წლის 20 აგვისტომდე მასპინძლობს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქართული ხელოვნებისა და კულტურის დანიურ საზოგადოებაში ფართოდ წარმოჩენის კუთხით.

ეროვნული დღის მიღება გამორჩეული იყო იმითაც, რომ დამსწრე საზოგადოების წინაშე კონცერტით წარსდგა ქართული ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“. ფართო მოწონება და ოვაციები დაიმსახურა ანსამბლის მიერ შესრულებულმა ქართული მრავალხმიანი პოლიფონიის შედევრებმა, საგალობლებმა და ინსტრუმენტულმა მუსიკამ. აღფრთოვანება გამოხატა დანიური საზოგადოების იმ ნაწილმაც, რომელთაც პირველად მოისმინეს ქართული პოლიფონია.

ღონისძიებამ, თავისი შინაარსობრივი ნაწილით, გაჟღერებული გზავნილებით, ნიკო ფიროსმანის, ქართული ფოლკლორის, ქართული ღვინის ფონზე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრე საზოგადოებაზე.