პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლი გაიხსნა


08.12.2019

ამა წლის 8 დეკემბერს, ქ. დარმშტატში გაიმართა ქართული ხელოვნების სახლის Blue Face“-ის ოფიცილური გახსნის საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას  ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ლევან დიასამიძე და ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები დაესწრნენ.

ხელოვნების სახლი „Blue Face“ ქართული დიასპორის წარმომადგენლების, ხელოვნებათმცოდნე ლილიანა არველაძისა და მხატვარ ბაჩო ჭამელაშვილის მიერ დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია საქართველოსა და ქართული  კულტურის პოპულარიზაცია, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქველმოქმედო საქმიანობა და  საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

ქართული ხელოვნების სახლში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ხელოვნების ისტორია, ხატვა და მუსიკა. ხელოვნების სახლი გამოყენებულ იქნება საგამოფენო სივრცედ და ლიტერატურული ღონისძიებების გამართვის ადგილად.

,,თამამად შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიზანს მიღწეულია, ჩვენ დავაარსეთ ქ. დარმშტაში ქართული სივრცე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აკლდა, განსაკუთრებით კი ბავშვებს. პირველ და უმთავრეს პროექტად მივიჩნიეთ ქართული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების კურსების დაწყება ბავშვებისთვის. [...] ჩვენს ხელოვნების სახლში მოსული უცხოელი სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულტურას, ლიტერატურას, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს და სურვილის შემთხვევაში, მათ შევთავაზებთ ტურებს საქართველოში. აღნიშნულით ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“, - განაცხადა ხელოვნების სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ქართული სახლის ხელმძღვანელმა ლილიანა არველაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ. მან მადლობა გადაუხადა ხელოვნების სახლის დამფუძნებლებს უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული საქმის წამოწყებაში და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ ხელოვნების სახლის შემდგომ საქმიანობაში.

ღონისძიების დასასრულს, ხელოვნების სახლს სიმბოლურად საჩუქრად საქართველოს დროშა გადაეცა. საქართველოს გენერალური საკონსულო, უახლოეს მომავალში, ახლადდაარსებულ ხელოვნების სახლს ასევე გადასცემს ქართული ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოებს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროფესორმა მანანა თანდაშვილმა კი ქართული ხელოვნების სახლს „ვეფხისტყაოსნის“ 2019 წლის გამოცემა უსახსოვრა.