პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"დიასპორა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰუმანიტარული დახმარების, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში“


27.09.2022

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მიგრაციის სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ.  

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა  წარმოაჩინეს დიასპორის მდგრადი და ეფექტური  ჩართულობის საუკეთესო გამოცდილება. ხაზი გაუსვეს დიასპორის წარმომადგენლების რესურსსა და შესაძლებლობებს, რომლის მეშვეობითაც მათ ფასდაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლიათ.

ძირითადი პანელის შემდგომ, პირველ მომხსენებლად, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ისაუბრა კრიზისულ პერიოდში (განსაკუთრებით - გლობალური პანდემიის დროს) ადგილსამყოფელ ქვეყნებში მყოფ თანამემამულეებთან ერთობლივად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზოგადოებას გააცნო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობას უწყობს ხელს.