პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“


30.12.2022

30 დეკემბერს გაიმართება დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“.

30 დეკემბერს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, გაიმართება დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია. 

ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი „ჯორჯიან ფოლკსი“, ქართული ხალხური სიმღერის  ანსამბლები - „საქართველო“ (ნიდერლანდების სამეფო),  „თამარიონნი“ (პარიზი), „კავკასია“ (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი“ (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით“ (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები“.

წლევანდელ დაჯილდოებაში ნომინანტები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ კატეგორიებში: 

• ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი;

• მეცნიერებაში შეტანილი წვლილი;

• სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი; 

• ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი;

• წლის წარმატებული სპორტსმენი;

• საქართველოს უცხოელი მეგობარი; 

• სპეციალური პრიზი. 

გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის - ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.