პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი დავით დონდუას ვიზიტი ათენის საკვირაო სკოლაში


20.09.2021

2021 წლის 19 სექტემბერს, ელჩი დავით დონდუა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, უფროსი მრჩეველი დარეჯან მუმლაძე და რეფერენტი ზურაბ ვაჩეიშვილი, ათენის ვახტანგ VI სახელობის საკვირაო სკოლას ესტუმრნენ.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

მისასალმებელ სიტყვაში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა, საზღვარგარეთ საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე, ისაუბრა ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისთვის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სწავლების, ასევე ეროვნული კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ვახტანგ VI სახელობის საკვირაო სკოლის დამფუძნებელს, დარეჯან ღამბაშიძეს და სკოლის პედაგოგებს, არსებული გამოწვევების მიუხედავად გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის. მიულოცა მოსწავლეებს ონლაინ სწავლებიდან კვლავ დასწრებით რეჟიმზე გადასვლა. გამოთქვა იმედი, რომ პანდემიის მიუხედავად სკოლის მუშაობა არ შეფერხდება. 

ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო, ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებში, სიამოვნებით უმასპინძლებს საკვირაო სკოლების ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებს.

საელჩოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა, მხარი დაუჭირონ, როგორც საკვირაო სკოლებს, ისე დიასპორულ ორგანიზაციებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ქართული დიასპორის ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების მიმართულებით წამოწყებული ახალი ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებაში.