პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან


23.06.2022

16 ივნისს საქართველოს საელჩოში, ელჩმა სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრისას ელჩმა ისაუბრა, საქართველო-ლიეტუვას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ ისტორიულ საწყისებზე, ასევე, მიმოიხილა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგარეო პრიორიტეტი, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი; ამ კონტექსტში,  ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლიეტუვასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების მიღწევის პროცესში. სალომე შაფაქიძე ასევე შეეხო,  ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით დღეს, უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ხელშეწყობით იმყოფებოდნენ ლიეტუვაში. ღონისძიების ფარგლებში, დიასპორის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თანამემამულეებს მიაწოდეს ინფორმაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები  ჩვენი დიასპორის წევრებისთვის ხორციელდება და ასევე, მეტ წილად განაპირობებს, მათ ჩართულობას საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენის პროცესში.

შეხვედრაზე საელჩოს მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა დიასპორის წარმომადგენლების მხარდაჭერის და თანამშრომლობის მზადყოფნა საელჩოს მხრიდან.