პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესპანეთში ქართული დიასპორა ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებულ გზამკვლევსა და დიასპორული პროგრამებს გაეცნო


25.10.2021

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებსა და დელეგაციის წევრებთან ერთად ესპანეთის სამეფოში, კერძოდ,  ქალაქებში: ბარსელონა, მადრიდი (ალკობენდასი), ბურგოსი, ვალენსია და გვადალახარა, მცხოვრებ ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  განხორციელებული და დაგეგმილი დიასპორული პროგრამების თაობაზე,  რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეხმარება სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში და ამავდროულად, ხელს უწყობს დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას და საქართველოს პოპულარიზაციას.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის მენეჯერმა ქეთევან გორგოშიძემ და მიგრაციის კანონის ესპანელმა ექსპერტმა დევიდ მოიამ ჩაატარეს ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის შეადგინა.   გზამკვლევის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ვიზიტის ვარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დელეგაციის  წევრებთან ერთად მოინახულა ქ.  ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან არსებული „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლა და მას გადასცა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები.