პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ კონსტანტინიდი დაესწრო საზეიმო ღონისძიებას “ივერიიდან - იბერიამდე”


25.10.2021

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი და დელეგაციის სხვა წევრები, დაესწრენ საზეიმო ღონისძიებას - “ივერიიდან იბერიამდე”, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა და 100-მდე მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ქართული დიასპორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“ივერიიდან იბერიამდე” “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია ესპანეთის სამეფოდან.

ღონისძიება გაიმართა, ქალაქ ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ასოციაციის "საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების" ხელმძღვანელის, მანანა გოგოლაძის ორგანიზებით.

ასევე, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ კონსტანტინიდი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებსა და დელეგაციის წევრებთან ერთად,  ესპანეთის სამეფოში, კერძოდ,  ქალაქებში: ბარსელონა, მადრიდი (ალკობენდასი), ბურგოსი, ვალენსია და გვადალახარა, მცხოვრებ ქართული დიასპორის და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  განხორციელებული და დაგეგმილი დიასპორული პროგრამების თაობაზე,  რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ეხმარება სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში და ამავდროულად, ხელს უწყობს დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებასა და საქართველოს პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ხორციელდებოდა მიგრაციის განვითარების პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა, ქართული დიასპორის წევრებს წარუდგინეს ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ გზამკვლევის.