პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესტონეთში საქართველოს ელჩის მიმართვა თანამემამულეებისადმი 26 მაისთან დაკავშირებით


26.05.2021

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ყარაულაშვილის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

--------------------------------------------------------

ესტონეთში მცხოვრებო თანამემამულენო,

მაქვს პატივი მოგესალმოთ და მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წლის 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა - ამ დღეს დემოკრატიული და პროგრესზე ორიენტირებული საქართველო დაიბადა. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისათვის, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა არაერთი ქართველი და სწორად მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ.

დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა ასევე, 30 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე, როდესაც ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ესტონეთში, რომელთანაც ისტორიულად დიდი მეგობრობა გვაკავშირებს და რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია. ესტონეთი დღეს წარმატებული, დემოკრატიული, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ ცოდნისა და პრაქტიკის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლევთ ჩვენი მისწრაფებების რეალობად ქცევას და დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ევროპის საერთო ოჯახში, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის ჩვენი ქვეყანა, თავისი კულტურით, ისტორიითა და ღირებულებებით.

ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ერთად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისათვის და ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებისათვის. ძალზედ ვაფასებთ თვენს მხარდაჭერას.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ჩვენი დიასპორის მიმართ, ასევე აღვნიშნო ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების როლი, რომლებმაც დიდი დახმარება გაუწიეს საქართველოსა და მის მოქალაქეებს მწვავე პანდემიის პერიოდში!

ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო საჭიროებს გულმხურვალე პატრიოტებს, რომლებიც დიდ ენერგიას მატებენ საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის პროცესს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ უფრო მტკიცე და ინტენსიური იქნება.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!