პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" - ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია


19.07.2021

2021 წლის 19 ივლისს, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ოფიციალურად გაიხსნა. 

კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც ფორუმი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობისთვის - ფორუმი, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მთავრობათა  წარმომადგენლები, პარლამენტარები და სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების მკვლევარები იმ ახალ შესაძლებლობებსა და იდეებს განიხილავენ, რომლებიც საქართველოსა და  ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

მინისტრის  თქმით, წლების მანძილზე კონფერენციამ ახალი მასშტაბი და უფრო მრავალფეროვანი აუდიტორია შეიძინა, ასევე გაფართოვდა დღის წესრიგიც და დღეს იგი რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამომავლო პერსპექტივებთან ერთად, ასოცირებული პარტნიორების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსაც მოიცავს. 

თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა დღევანდელი კონფერენციის დღის წესრიგზეც ისაუბრა. მან  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს შორის გაიმართება და ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებს დაეთმობა. მინისტრის თქმით, ეს იქნება ასოცირებული პარტნიორებისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირველი ერთობლივი შეხვედრა და „ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროკავშირისა და ასოცირებული პარტნიორების მიერ ნაკისრ ურთიერთვალდებულებებს ადასტურებს“. 

ღონისძიება  ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები - მაია სანდუ, ვოლოდიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.