პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიწვევთ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე


08.05.2023

ძვირფასო თანამემამულეებო,

გვაქვს პატივი გაუწყოთ, რომ მიმდინარე წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის" გაიმართება.

ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას. ამავდროულად, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, ერთობლივი გზების დასახვას ჩვენი თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისა და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.  

ფორუმზე თანამემამულეებს სიტყვით მიმართავენ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ფორუმზე მოწვეულნი არიან საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართება სამი თემატური ჯგუფის შეხვედრა:

  1. განათლება და კულტურა - „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში“;
  2. ბიზნესი და ეკონომიკა - „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის“;
  3. „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები“.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 27  მაისს, 11:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს  შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. 3), ხოლო თემატური ჯგუფების შეხვედრა გაიმართება სასტუმროში - „ქორთიარდ მარიოტი თბილისი” (მისამართი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი 4).

მონაწილეთა რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება.

ფორუმში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმდინარე წლის 22 მაისამდე გაიროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1tHB4lfYOj-X6ydbwumxGA_eJJGpq1uJjswtQPlSZgc8/viewform?edit_requested=true 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე:

[email protected]

ან დაგვიკავშირდეთ მობილურზე:

+995 599 16 41 90 (WhatsApp)