პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჰააგის მთავარი სამრეკლოდან გია ყანჩელის უკვდავი მელოდიები აჟღერდა


04.10.2019

დღეს, 4 ოქტომბერს, ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგის მთავარი სამრეკლოდან გია ყანჩელის უკვდავი მელოდიები აჟღერდა.

დიდი ქართველი კომპოზიტორის პატივსაცემად ჰააგის წმინდა იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან „ყვითელი ფოთლები“ და  ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია შესრულდა. ქართული მელოდიები სამრეკლოს მთავარმა მუსიკოსმა ხაისბერტ კოკმა შეასრულა.

ჰააგის სამრეკლოს ზარებიდან ასევე აჟღერდა ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული მუსიკალური ნაწარმოებები - რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული ნაწარმოებების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ერეკლე კოპლატაძე, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტ - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტ - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში, ერეკლე კოპლატაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიდმინარე წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ასევე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის, „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო", ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი".