პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილი იტალიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა


21.04.2023

2023 წლის 20 აპრილს, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი  ქართული დიასპორული ორგანიზაციების  ხელმძღვანელებსა და წევრებს  შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა   მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე პროცესები და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
 
მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ხაზი გაუსვა საგარეო უწყებისთვის დიასპორის საკითხებზე მუშაობის პრიორიტეტულობას. ასევე, ისაუბრა იმ ინიციატივებსა და სიახლეებზე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა  იტალიაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საქმეში ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი წვლილი, ასევე ხაზი გაუსვა საკვირაო სკოლების მნიშვნელობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით.
 
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ამასთან, აღინიშნა დიასპორასთან რეგულარული შეხვედრების აუცილებლობა.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან შემდგომი ინტენსიური კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვა.