პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილის სიტყვა დიასპორის ფორუმის საზეიმო გახსნაზე


30.05.2022

2022 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართა. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესში ქართული დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების  საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. “დღევანდელი ჩვენი ფორუმის სახელწოდება და - რაც მთავარია -  სულისკვეთება, სრულ თანხვედრაშია იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის ევროპულ ღირებულებათა ფასი, იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რისი მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის წევრობას.”- განაცხადა ილია დარჩიაშილმა სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება  გამოხატა ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიმართ,  რომელთა ძალისხმევა მიმართულია  სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ და მზაობა გამოთქვა დიასპორასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა. 

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართა თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე. თემატური  პანელის - „ქართული ენის კონფერენცია“ ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მისი გაუმჯობესების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, ასევე, უცხოეთში სწავლის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოების დახვეწისა და სრულყოფის საჭიროებებზე. პანელს მოდერაციას უწევდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი.   

პანელზე - "ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, რომელსაც მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, ბიზნესის მხარდამჭერი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები, ასევე განიხილეს საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ ქართველი წარმატებული მეწარმეების მიერ, ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკუთარი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. 

თემატური პანელის „კულტურული დიპლომატია" ფარგლებში, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, შორენა ციცაგი, ყურადღება გამახვილდა კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლზე, აგრეთვე, ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილზე. 

პანელზე - "ციფრული დიასპორა" მომხსენებლებმა განიხილეს ის ინოვაციური მიდგომები და ახალი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან მდგრადი თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია. ხაზი გაესვა სოციალური მედიის, დიასპორის ციფრული ინიციატივების, დიასპორული პორტალებისა და ბლოგების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებებისა და ევროპული კულტურის ქვეყნის შესახებ ფართო საზოგადოებრივი აზრის შექმნის შესაძლებლობებზე. პანელს მოდერაციას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ვეკა მოდებაძე. 

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დიასპორული პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეთათვის გაიმართა ტრენინგი ციფრული კომუნიკაციების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმი ყოველწლირად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.