პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში ახალი ქართული დიასპორული ორგანიზაცია დაარსდა


05.12.2019

ამა წლის 1 დეკემბერს, ირლანდიაში დაფუძნდა ახალი ქართული დიასპორული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარე და საბჭოს წევრები არჩეულ იქნენ კენჭისყრის საფუძველზე. ჩატარებული არჩევნების შედეგად, რომელშიც მონაწილეობა საშუალოდ 200-მდე ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა მიიღო, ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლელა შურუპოვა აირჩიეს, ხოლო საბჭოს წევრები კი გახდნენ - ნუნუ ავგაროზაშვილი, გიორგი ანთია, თამარა სამქანაშვილი და  გუცა წერეთელი.

მოგვიანებით, ამავე წლის 5 დეკემბერს, დიასპორული ორგანიზაციის დაფუძნების თაობაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ირლანდიაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზურაბაშვილთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო გეგმები და ახლო მომავალში, მისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხები.

ირლანდიაში არსებულ ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით, აქვე აღსანიშნავია, ქართული საგანმანათლებლო ცენტრი „ლამპარი“, რომელიც 2009 წელს დაარსდა ანელი აწკარუნაშვილის ინიციატივით. ცენტრთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებში. სკოლის აღსაზრდელები სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობენ და საპატიო ადგილებსაც იკავებენ. ამასთან, საკვირაო სკოლა აქტიურად ატარებს ქართული ეროვნული დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და ეხმარება საქართველოში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს.

ირლანდიაში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „National Rhythm of Georgia“ (ხელმძღვანელი: ლაშა საბაშვილი) და ბავშვთა სიმღერის ანსამბლი „Mixed Melodies / The Georgian Youth Ensemble Mixed Melodies“ (ხელმძღვანელი: ზიზი ნანობაშვილი-ლოფტუსი). ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ირლანდიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქართველი დიასპორელი ბავშვების გაერთიანებას და მოზარდ თაობაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.