პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელი - ხულონში „შოთაობა“ გაიმართა 


04.12.2019

29 ნოემბერს, ისრაელის ქ. ხულონის „შოთას პარკში“, ქართული დიასპორული ორგანიზაციების - „მამული და „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ და ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ზეიმი „შოთაობა“ გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულონის მერი მოტი სასონი, ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის ფართო საზოგადოება, ქართველ ებრაელთა თემის წარმომადგენლები, ასევე ხულონის ადგილობრივი მოსახლეობა.

საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ხულონის მერმა და ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ. დამსწრე საზოგადოებას „შოთაობა“ მიულოცეს ქალაქ ხულონში შოთა რუსთაველის სახელობის პარკის დამაარსებელმა (2014 წ.), მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, შალომ დავითმა (შალვა დავითაშვილი) და ისრაელელმა გამომცემლებმა - იტაი ბახურმა და ხედვა როკახმა.

ზეიმის ფარგლებში, ქართულ და ებრაულ ენებზე წაკითხულ იქნა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ლექსები და ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“, ასევე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაციების - „მამული“ და „ქართული ხელოვნების ცენტრი“ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ინტენსიურად იმართება ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობისა და ისრაელში მცხოვრები ქართველების გაერთიანების მიზნით, აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე ორგანიზებას უწევენ თანამემამულეებთან შეხვედრებს. დიასპორული ორგანიზაცია - „მამული“, რომლის ხელმძღვანელია ექიმი ირაკლი კილაძე, 2017 წელს დაარსდა, როგორც ისრაელში ოფიციალურად რეგისტრირებული პირველი ქართული დიასპორული ორგანიზაცია. ორგანიზაციასთან ასევე მოქმედებს ქართული „საშაბათო სკოლა“. რაც შეეხება „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრს“, იგი ჟურნალისტ მარინა გელაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ასევე 2017 წლიდან და ცენტრი, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების საშუალებით, აქტიურად უწყობს ხელს ახალი ტალანტების გამოვლენას.